ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჩინური წარმოების ვაქცინა სინოვაკზე რეგისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება, ვაქცინაციის პროცესი კი - მომდევნო კვირიდან.
ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ვფიქრობთ, კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია სინოვაკზე და მომდევნო კვირიდან სინოვაკის მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 20-ზე მეტ ქვეყანაშია სინოვაკი ავტორიზებული და ათობით მილიონი ადამიანია უკვე აცრილი სინოვაკით ,მათ შორის აზერბაიჯანსა და თურქეთში", - განაცხადა გაბუნიამ.
სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. საქართველოში ის 30 აპრილს შემოვიდა.
ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.
3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.